ქართული | English

შენობა
ზაქარია ფალიაშვილი
ნ. გაბუნია, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, დ. თორაძე, პ. ხუჭუა
სარკეებიანი დარბაზი
წესდება

დამტკიცებულია
საქართველოს კომპოზიტორთა
შემოქმედებითი კავშირის წევრთა
რიგგარეშე ყრილობაზე
2017 წლის 23 აპრილს

 

საქართველოს კომპოზიტორთა

შემოქმედებითი კავშირის

წ ე ს დ ე ბ ა

(ახალი რედაქცია)

 

თბილისი

2017

 

საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის

წ ე ს დ ე ბ ა


1. ზოგადი დებულებები

1.1. კავშირის სრული სახელწოდება: საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი (შემდგომ ტექსტში „კავშირი").
1.2. კავშირი არის საჯარო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს პროფესიონალ კომპოზიტორებსა და მუსიკისმცოდნეებს და მიზნად ისახავს ხელოვნების, კერძოდ კი ქართული მუსიკის განვითარების ხელშეწყობას, თავის წევრთა საერთო კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვას.
1.3. კავშირი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსის, „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ", „კულტურის შესახებ", „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ" კანონების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და ამ წესდების შესაბამისად.
1.4. საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი არის საქართველოს სსრ კომპოზიტორთა კავშირის უფლებამონაცვლე, რომელიც დაფუძნებულ იქნა 1932 წელს, 1992 წლის 2 აპრილს რეგისტრირებულ იქნა საქართველოს კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა კავშირის სახით; 1999 წლის 24 დეკემბრის №241 გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ იქნა საქართველოს კომპოზიტორთა საერთო-ეროვნული შემოქმედებითი კავშირის სახით; ხოლო 2004 წლის 6 დეკემბრის №1532 ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებულია საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის სახით.
1.5. კავშირი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
1.6. კავშირს აქვს არსებობის ეროვნულ-ისტორიული ტრადიცია და მისი საქმიანობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
1.7. კავშირი ხელახალი რეგისტრაციის მომენტიდან არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის არსებობა დამოუკიდებელია მასში წევრთა შემადგენლობის ცვლილებებისაგან.
1.8. კავშირს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
1.9. კავშირი უფლებამოსილია კანონმდებლობის შესაბამისად შექმნას ფილიალები (ადგილობრივი ორგანიზაციები).
1.10. კავშირს უფლება აქვს განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და მისი წესდებით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის კავშირი უფლებამოსილია გასწიოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა საწესდებო მიზნების განსახორციელებლად.
1.11. კავშირის შექმნისა და საქმიანობის ძირითადი პრინციპია ნებაყოფლობითობა, წევრთა თანასწორუფლებიანობა, თვითმმართველობა, კანონიერება და საჯაროობა.
1.12. კავშირის იურიდიული მისამართია:
ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 123. ტელ: 295-41-64, 295-95-13.


2. კავშირის მიზნები და ამოცანები, მისი საქმიანობა

2.1. კანონით დადგენილი წესით კავშირის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
2.1.1. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში გაერთიანებულ კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა, მათი პროფესიული ინტერესების, შემოქმედებითი ინიციატივების და ძიებების სტიმულირება, უფლებების და მემკვიდრეობის დაცვა;
2.1.2. ქართული პროფესიული მუსიკის შემდგომი განვითარება, ქართული მუსიკალური ფოლკლორის შესწავლა, დაცვა და გავრცელება, მუსიკალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;
2.1.3. ფესტივალების, კონცერტების, კონკურსების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარებისა და ფოლკლორული ექსპედიციების მოწყობა, სხვადასხვა სახის საგამომცემლო საქმიანობის წარმოება, რომელიც ემსახურება კავშირის მიზნებს (მათ შორის სარეკლამო პროდუქცია, გაზეთები, ჟურნალები, სანოტო გამოცემები, წიგნები და სხვა);
2.1.4. მუსიკალურ-შემოქმედებითი პროცესების კოორდინაციაში, სარეპერტუარო პოლიტიკის წარმართვაში მონაწილეობა;
2.1.5 კავშირის წევრთა უფლებების დაცვა მისი კომპეტენციის ფარგლებში;
2.1.6. კავშირის წევრთა მატერიალურ და სოციალურ უზრუნველყოფაზე, შემოქმედებით მუშაობასა და დასვენების პირობებზე ზრუნვა კავშირის კომპეტენციის ფარგლებში;
2.1.7. კავშირი ხელს უწყობს ახალგაზრდა მუსიკოსთა პროფესიული დაოსტატების საქმეს, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ;
2.1.8. წარადგენს კავშირის წევრ კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა შემოქმედებას რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე, სახელმწიფო და სხვა სახის პრემიებზე, საპატიო წოდებებზე, სახელმწიფო ჯილდოებსა და პერსონალურ პენსიებზე სახელმწიფო ორგანიზაციებთან ან დამოუკიდებლად, აწესებს და გასცემს კომპოზიტორთა კავშირის პრემიებს;
2.1.9. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აფუძნებს საწარმოებსა და ორგანიზაციებს, იურიდიული პირის უფლებით ან უიმისოდ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;
2.1.10. საინფორმაციო ბიულეტენის საშუალებით ყოველწლიურად აქვეყნებს ინფორმაციას კავშირისა და მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების წლიური მუშაობის შესახებ.
2.2. კავშირი უფლებამოსილია განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც ატარებს დამხმარე ხასიათს; კავშირი საწესდებო მიზნების მისაღწევად ეწევა ასევე სხვა საქმიანობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.


3. კავშირის წევრობა

3.1. კავშირის წევრი შეიძლება გახდეს პროფესიონალი კომპოზიტორი ან მუსიკისმცოდნე, რომელსაც მიღებული აქვს უმაღლესი სამუსიკო განათლება ამ სპეციალობით და აქვს პროფესიული მუშაობის არანაკლები 3 წლის სტაჟი, არის დამოუკიდებლად შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებების და სამუსიკისმცოდნეო ნაშრომების ავტორი; კავშირის წევრი უნდა აღიარებდეს კავშირის წესდებას და შეჰქონდეს მნიშვნელოვანი წვლილი ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში.
3.2. კავშირი შედგება ინდივიდუალური და საპატიო წევრებისაგან.
3.3. კავშირში წევრთა მიღება ხორციელდება კავშირის გამგეობის მიერ დამტკიცებული მიმღები კომისიის დებულების თანახმად.
3.4. კავშირის წევრად მიღების საკითხს განიხილავს მიმღები კომისია, მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა ფარული კენჭისყრით.
3.5. კავშირის საპატიო წევრად ყრილობის მიერ აირჩევიან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები (მათ შორის უცხოელი) პირები, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით ქართული მუსიკალური კულტურის წინაშე.
3.6. კავშირის წევრს უფლება აქვს:
3.6.1. სრული შემოქმედებითი თავისუფლებისა;
3.6.2. აირჩიოს და არჩეულ იქნეს კავშირის მართვისა და კონტროლის ორგანოებში;
3.6.3. მიიღოს მონაწილეობა კავშირის შემოქმედებით და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, კავშირის გამგეობის პროექტებისა და ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში;
3.6.4. შეიტანოს წინადადებები და რეკომენდაციები კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებით;
3.6.5. მიიღოს კავშირისგან პროფესიული, მატერიალური და სამართლებრივი დახმარება;
3.6.6. კავშირის წევრთა სოციალური და საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება შემოქმედ მუშაკთათვის კანონმდებლობით დადგენილი საერთო წესით;
3.6.7. მიმართოს კავშირის ორგანოებს უფლებების დაცვის მიზნით _ შემოქმედებითი თავისუფლების ხელყოფის, ღირსების შელახვის, შეურაცხყოფის, საავტორო და სხვა უფლებათა დარღვევის თაობაზე;
3.6.8. ნებისმიერ დროს გავიდეს კავშირიდან. კავშირის წევრობიდან ნებაყოფლობითი გასვლის შესახებ პირი წერილობით აცნობებს კავშირის ხელმძღვანელ პირს ან მუდმივმოქმედ ხელმძღვანელ ორგანოს.
3.7. კავშირის წევრი მოვალეა:
3.7.1. დაიცვას კავშირის წესდება;
3.7.2. მიიღოს მონაწილეობა კავშირის შემოქმედებით და საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
3.7.3. დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები;
3.7.4. ხელი შეუწყოს კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა ახალი თაობის დაოსტატებასა და აღზრდას;
3.7.5. კავშირის წევრები მოვალენი არიან გადაიხადონ ყრილობის მიერ დადგენილი საწევრო გადასახადი (გარდა საპატიო წევრებისა), შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყონ კავშირის ინტერესების განხორციელებას და დაიცვან წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
3.8. კავშირის წევრი, რომელიც შეწყვეტს პროფესიულ საქმიანობას, მოვალეა საკუთარი განცხადებით გავიდეს კავშირიდან. პროფესიული საქმიანობა შეწყვეტილად არ ითვლება, თუ კავშირის წევრს, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, არ ეძლევა შემოქმედებითი მუშაობის საშუალება (ავადმყოფობა, ინვალიდობა, პენსიაზე გასვლა).


4. კავშირის მიერ პროფესიული სერტიფიკატის გაცემა

4.1. კავშირი დადგენილი წესით გასცემს პროფესიულ სერტიფიკატს კავშირში არგაწევრიანებულ კომპოზიტორებსა და მუსიკისმცოდნეებზე.
4.2. პროფესიული სერტიფიკატის გაცემას ახორციელებს კავშირის გამგეობა.
4.3. კავშირის გამგეობა დადგენილი წესით გასცემს პროფესიულ სერტიფიკატს იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის მიღების მსურველი კომპოზიტორი და მუსიკისმცოდნე განცხადებით მიმართავს კავშირს.
4.4. კავშირის გამგეობა დამტკიცებული დებულების შესაბამისად განიხილავს და წყვეტს პროფესიული სერტიფიკატის გაცემის საკითხს. სერტიფიკატის გაცემის საფუძველს წარმოადგენს კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა პროფესიულ-შემოქმედებითი საქმიანობის კონკრეტული შედეგები და მათი შეფასება.


5. კავშირის სტრუქტურა და ხელმძღვანელი ორგანოები

5.1. კავშირი წარმოადგენს მასში გაწევრიანებული შემოქმედი მუშაკების _ კომპოზიტორებისა და მუსიკისმცოდნეების პროფესიულ-შემოქმედებით გაერთიანებას. კავშირის შემადგენლობაში სპეციალიზაციის, შემოქმედებითი დარგების, მიზნობრივი პროგრამების, ასაკობრივი კატეგორიების ან სხვა პრინციპების მიხედვით შეიძლება შეიქმნას შემოქმედებითი ჯგუფები _ კავშირის არანაკლებ 5 წევრის ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს რაიმე საერთო ამოცანას, რაც არ ეწინააღმდეგება კავშირის ინტერესებს. შემოქმედებითი ჯგუფი არ შეიძლება წარმოადგენდეს იურიდიულ პირს.
5.2. კავშირის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს წევრთა ყრილობა. ყრილობებს შორის პერიოდში მართვის ორგანოებია - გამგეობა და საბჭო.
5.3. საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის წევრთა ყრილობა. კავშირის უმაღლესი ორგანოს _ საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის წევრთა ყრილობის მოწვევის, კავშირის გამგეობის (5.12.1.) საარჩევნო და კავშირის თავმჯდომარის (5.14.2.) უფლება-მოვალეობების შესრულების პერიოდი: სამი წელი.
5.4. გადაწყვეტილებას კავშირის მორიგი ყრილობის მოწვევის შესახებ იღებს კავშირის გამგეობა ყრილობის მუშაობის დაწყებამდე არაუგვიანეს ორი თვისა.
5.5. რიგგარეშე ყრილობა შეიძლება მოწვეულ იქნეს გამგეობის მიერ კავშირის თავმჯდომარის, კავშირის წევრთა ერთ მესამედზე მეტის ან სარევიზიო კომისიის მოთხოვნით 2 თვის ვადაში ყრილობის დღის წესრიგის მითითებით. ყრილობა უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. მოთხოვნა რიგგარეშე ყრილობის მოწვევის შესახებ კი უნდა იყოს დასაბუთებული და გამომდინარეობდეს კავშირის საქმიანობაში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დარღვევების ან სხვა სახის საფუძვლიანი მოტივაციიდან.
5.6. რიგგარეშე ყრილობა აგრეთვე შეიძლება მოწვეულ იქნეს კავშირის თავმჯდომარის მიერ ერთპიროვნულად; ასევე, სარევიზიო კომისიის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, თუ მნიშვნელოვანი დარღვევები იქნება აღმოჩენილი კავშირის თავმჯდომარის ან გამგეობის საქმიანობაში. ასეთ რიგგარეშე ყრილობაზე შეიძლება განხილულ იქნეს კავშირის თავმჯდომარის, გამგეობისა და სარევიზიო კომისიის ვადამდე გადარჩევის საკითხი, თუ მათ საქმიანობაში აღმოჩენილი დარღვევები ლახავენ კავშირისა და მისი წევრების ინტერესებსა და ავტორიტეტს, აყენებენ მათ ზიანს ან აშკარად ხელს უშლიან კავშირის საწესდებო მიზნების განხორციელებას.
5.6.1. რიგით ყრილობებს შორის, გამგეობის მუშაობის წლიური ანგარიშის წარსადგენად და კავშირის მიმდინარე საკითხებზე მსჯელობისთვის, ყოველწლიურად მოიწვევა კავშირის წევრთა საანგარიშო რიგგარეშე ყრილობა;
5.7. ყრილობის მოწვევის შესახებ კავშირის ყველა წევრს უნდა ეცნობოს წერილობით ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით ყრილობის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე მაინც; მოწვევას თან უნდა ახლდეს ყრილობის დღის წესრიგი, კავშირის თავმჯდომარეობის კანდიდატთა სამუშაო პროგრამა (თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში); ასევე, არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ და/ან სხვა საჭირო საინფორმაციო მასალა.
5.8. ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კავშირის წევრთა ნახევარზე მეტი.
5.9. ყრილობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ხოლო გადაწყვეტილებებს კავშირის ქონებასთან, კავშირის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებით - კავშირის სრული შემადგენლობის ხმების ორი მესამედით.
5.10. კავშირის წევრს, რომელიც არ ესწრება ყრილობას, შეუძლია მინდობილობის საფუძველზე გადასცეს საკუთარი ხმა კავშირის სხვა წევრს ან წერილობითი ფორმით მიიღოს მონაწილეობა ყრილობის დღის წესრიგში დასმული საკითხების განხილვაში.
5.10.1. ყრილობაზე კვორუმის უქონლობის შემთხვევაში, დღის წესრიგში უნდა დადგეს ყრილობის ხელახალი მოწვევის საკითხი არა უგვიანეს 30 დღის ვადაში; ხელახალი ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კავშირის წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1/3-სა. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე/მონაწილე წევრთა უმრავლესობით, გარდა კანონით და წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5.11. ყრილობის კომპეტენციაში შედის:
5.11.1. კავშირის წესდების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;
5.11.2. კავშირის გამგეობის, კავშირის თავმჯდომარის და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის არჩევნები;
5.11.3. კავშირის გამგეობის, სარევიზიო კომისიისა და ადგილობრივი ორგანიზაციების სამუშაო გეგმებისა და ანგარიშების მოსმენა და დამტკიცება;
5.11.4. კავშირისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ანგარიშების მოსმენა;
5.11.5. სტრუქტურული ცვლილებების შეტანა;
5.11.6. კავშირის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების წესდებების დამტკიცება;
შ.პ.ს. „მუსიკალური ფონდის" და „მუსიკალურ-საინფორმაციო ცენტრის" წესდებების დამტკიცება;
5.11.7. კავშირის მიზნების მისაღწევად სამეურნეო ანგარიშიანი საწარმოების დაფუძნება ან ლიკვიდაცია;
5.11.8. კავშირის უძრავი ქონების გასხვისება, კავშირის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით;
5.11.9. საწევრო გადასახადის ოდენობის დაწესება ან მოხსნა;
5.11.10. კავშირის საპატიო წევრების მიღება;
5.11.11. სხვა გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც კავშირის წესდებიდან გამომდინარეობენ და აუცილებელია მისი მიზნების განხორციელებისათვის.
5.11.12. კავშირის, შ.პ.ს. „მუსიკალური ფონდის" და „მუსიკალურ-საინფორმაციო ცენტრის" რეორგანიზაციისა ან ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
5.11.13. ყრილობას წარმართავს ყრილობის თავმჯდომარე. ყრილობის ოქმებს ხელს აწერს ყრილობის თავმჯდომარე და ყრილობის მდივანი.
5.12. კავშირის გამგეობა:
5.12.1. ყრილობებს შორის კავშირის მართვის ორგანოს წარმოადგენს გამგეობა, რომელიც აირჩევა ყრილობის მიერ სამი წლის ვადით; გამგეობის უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც, ახალი გამგეობის არჩევამდე;
5.12.2. გამგეობის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კავშირის წევრთა საერთო რაოდენობის 15%-დან 20%-მდე და უნდა შეადგენდეს კენტ რიცხვს, კავშირის თავმჯდომარის ჩათვლით; გამგეობის წევრთა ზუსტ რაოდენობას ამტკიცებს ყრილობა; გამგეობის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს იმ შემოქმედებითი ჯგუფის თითო წარმომადგენელი, რომელთა შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 15 წევრით;
5.12.3. გამგეობის რიგითი სხდომები ტარდება სამ თვეში ერთხელ მაინც ან უფრო ხშირად, თუ ამას კავშირის ინტერესები მოითხოვენ;
5.12.4. გამგეობის სხდომებს, როგორც მორიგს, ასევე საგანგებოს იწვევს თავმჯდომარე. რიგგარეშე სხდომის მოწვევა შესაძლებელია გამგეობის წევრთა 1/3-ს წერილობითი განცხადების საფუძველზე;
5.12.5. გამგეობის სხდომებს წარმართავს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე;
5.12.6. გამგეობის სხდომა უფლებამოსილია, თუ ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს, თუ მას მხარი დაუჭირა უმრავლესობამ;
5.12.7. განიხილავს და ამტკიცებს კომისიების დებულებებს და მათ სამუშაო გეგმებს. კომისიების თავმჯდომარეებად აირჩევიან, როგორც გამგეობის, ისე კავშირის რიგითი წევრები;
5.12.8. ორგანიზაციას უწევს ყრილობის ჩატარებას, უზრუნველყოფს ყრილობის გადაწყვეტილებათა შესრულებას;
5.12.9. გამგეობას უფლება აქვს ცალკეულ დასაბუთებულ შემთხვევაში შეამციროს ან მოხსნას საწევრო გადასახადი;
5.12.10. იღებს გადაწყვეტილებებს უძრავ-მოძრავი ქონების გაქირავებაზე (იჯარა);
5.12.11. იღებს გადაწყვეტილებებს მიზნობრივი ფონდების შექმნის თაობაზე, აფუძნებს სამეურნეოანგარიშიან საწარმოებს, შემოქმედებით და საინფორმაციო ორგანიზაციებს;
5.12.12. გასცემს პროფესიულ სერტიფიკატს;
5.12.13. შეიმუშავებს სარეკომენდაციო წინადადებებს ყველა საკითხზე, რომლებიც არ მიეკუთვნება უშუალოდ ყრილობის განსაკუთრებულ კომპეტენციას;
5.12.14. კავშირის თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს მის მოადგილეს, საბჭოს წევრებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
5.12.15. გამგეობა ანგარიშვალდებულია ყრილობისა წინაშე;
5.12.16. კავშირის მიერ შექმნილ სამეურნეო ანგარიშიან საწარმოთა მართვაში მონაწილეობს `პარტნიორთა კრების~ სტატუსით;
5.12.17. გამგეობა სისტემატურ დახმარებას და კონტროლს უწევს კავშირის ქვემდებარე ორგანიზაციების მუშაობას;
5.12.18. გამგეობის წევრი პასუხს აგებს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის; გამგეობის იმ წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზის გამო გააცდენს გამგეობის სამ სხდომას, ჩაენაცვლება გამგეობის წევრთა კანდიდატობის სიიდან ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე კავშირის წევრი;
5.12.19. გამგეობიდან წევრის გასვლის შემთხვევაში შევსება ხდება გამგეობის საარჩევნო სიაში ხმათა უმრავლესობის მქონე შემდგომი წევრით;
5.12.20. კავშირის გამგეობის წევრთა არჩევნები ტარდება კავშირის თავმჯდომარის არჩევნების პარალელურად, ფარული კენჭისყრით; არჩევნების ჩატარება ევალება ყრილობაზე არჩეულ ხუთი წევრისგან შემდგარ ხმის დამთვლელ კომისიას, რომელიც მოქმედებს გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულებით; გამგეობის წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და მათი რიცხოვნობის საკითხი განისაზღვრება გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულებით.

5.13. კავშირის საბჭო:
5.13.1. კავშირის სტრუქტურაში მოქმედებს საბჭო, რომელიც არის კავშირის თავმჯდომარის სათათბირო და ოპერატიული მუშა ორგანო;
5.13.2. საბჭოს შემადგენლობას და მის რიცხოვნობას, კავშირის თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს გამგეობა;
5.13.3. საბჭოს საქმიანობას უძღვება კავშირის თავმჯდომარე. ყრილობისა და გამგეობის მიერ შემუშავებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე საბჭო განიხილავს მიმდინარე საკითხებს, რომელიც არ შედის ყრილობისა და გამგეობის განსაკუთრებულ კომპეტენციაში;
5.13.4. ამზადებს კავშირის შემოქმედებითი მუშაობის წლიური გეგმისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის პროექტს;
5.13.5. განახორციელებს ყრილობისა და გამგეობის მიერ მიღებულ დადგენილებებს და გადაწყვეტილებებს;
5.13.6. სისტემატურ დახმარებას და კონტროლს უწევს კავშირის ქვემდებარე ორგანიზაციების მუშაობას;
5.13.7. საბჭო ანგარიშვალდებულია გამგეობის წინაშე;
5.13.8. საბჭოს სხდომებს იწვევს კავშირის თავმჯდომარე საჭიროებისამებრ.

5.14. კავშირის თავმჯდომარე:
5.14.1. კავშირის თავმჯდომარე არის ხელმძღვანელი პირი, რომელიც წარმართავს კავშირის, მისი გამგეობისა და საბჭოს საქმიანობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს და პასუხისმგებელია გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
5.14.2 კავშირის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობების შესრულება განისაზღვრება სამი წლის ვადით; თავმჯდომარის არჩევა დასაშვებია ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით; ყრილობის მიერ თავმჯდომარის უფლება-მოვალეობების ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და არა უმეტეს ერთი წლით;
5.14.3. თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება გახდეს მხოლოდ კავშირის ის წევრი, რომელიც ყრილობის ჩატარებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა გამგეობის სახელზე წარმოადგენს განაცხადსა და თავის სამუშაო პროგრამას კავშირის წევრებისთვის გასაცნობად; კავშირის თავმჯდომარის არჩევნები ტარდება კავშირის გამგეობის წევრთა არჩევნების პარალელურად, ფარული კენჭისყრით; არჩევნების ჩატარება ევალება ყრილობაზე არჩეულ ხუთი წევრისგან შემდგარ ხმის დამთვლლელ კომისიას, რომელიც მოქმედებს გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულებით;
5.14.4. წარმოადგენს კავშირს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან, სახელმწიფო ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან;
5.14.5. წარმართავს შემოქმედებით საქმიანობას;
5.14.6. გამგეობასთან შეთანხმებით განაგებს კავშირის ქონებას და ფულად სახსრებს საწესდებო მიზნების და ამოცანების შესაბამისად;
5.14.7. კავშირის სახელით ხსნის ანგარიშს ბანკში, ხელს აწერს საფინანსო დოკუმენტებს, ყრილობასთან და გამგეობასთან შეთანხმებით დებს გარიგებებს;
5.14.8. კავშირის თავმჯდომარე ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ყრილობისა და გამგეობის წინაშე;
5.14.9. კავშირის თავმჯდომარის დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე;
5.14.10. თავმჯდომარე, ბიუჯეტის შესაძლებლობის გათვალისწინებით, გამგეობასთან შეთანხმებით, აწესებს ან აუქმებს საბჭოს წევრთა ხელფასებს, მათ ოდენობას;
5.14.11. გამგეობასთან შეთანხმებით სამსახურეობრივი ხელშეკრულების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს კავშირის მიერ დაფუძნებული საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს;
5.14.12. გამგეობის საქმიანობაში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დარღვევების შემთხვევაში ერთპიროვნულად ან სარევიზიო კომისიის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე იწვევს კავშირის რიგგარეშე ყრილობას, რომელზედაც შეიძლება განხილულ იქნეს გამგეობის ვადამდელი გადარჩევის საკითხი.
5.14.13. კავშირის თავმჯდომარე ვალდებულია ყოველწლიურად წარმოადგინოს მუშაობის ანგარიში ან რიგგარეშე ყრილობაზე მოხსენებით, ან გამოცემული ბიულეტენის საშუალებით.

5.15. კომისიები:
5.15.1. შემოქმედებითი და საორგანიზაციო მუშაობის წარმართვის მიზნით კავშირში შეიძლება შეიქმნას კომისიები;
5.15.2. როგორც მუდმივი, ისე დროებითი კომისიების ხელმძღვანელებს ამტკიცებს გამგეობა;
5.15.3. კომისიები მოქმედებენ გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.

5.16. კავშირის სარევიზიო კომისია:
5.16.1. სარევიზიო კომისია იქმნება კავშირის ფინანსურ საქმიანობაზე კონტროლის მიზნით;
5.16.2. სარევიზიო კომისია აირჩევა ყრილობის მიერ ხუთი წევრის შემადგენლობით ორი წლის ვადით; სარევიზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს იმავე დროს გამგეობის წევრი;
5.16.3. სარევიზიო კომისია ატარებს საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის მიმდინარე რევიზიას (მინიმუმ წელიწადში ერთხელ). რიგგარეშე რევიზიის ჩატარება დაიშვება კავშირის გამგეობის ან კავშირის წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. სარევიზიო კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს კონსულტანტი შესაბამისი მუშაობის წარმართვისთვის;
5.16.4. სარევიზიო კომისია აკონტროლებს კავშირის სახსრებისა და ქონების ხარჯვის კანონიერებას, აღრიცხვის სისწორეს;
5.16.5. სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებულია ყრილობის წინაშე.

5.17. შემოქმედებითი ჯგუფები:
5.17.1. კავშირში შეიძლება შეიქმნას შემოქმედებითი პლატფორმით გაერთიანებული შემოქმედებითი ჯგუფები, თუ ამ უკანასკნელის შექმნის სურვილი გამოთქვა კავშირის არანაკლებ 5 წევრმა. შემოქმედებითი ჯგუფები მოქმედებენ საკუთარი დებულების საფუძველზე, რომელიც არ ეწინააღმდეგება კავშირის წესდებას. შემოქმედებითი ჯგუფი არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.

5.18. ფილიალები (ადგილობრივი ორგანიზაციები):
5.18.1. საქართველოს კულტურულ ცენტრებში დასაშვებია კავშირის ფილიალების (ადგილობრივი ორგანიზაციების) შექმნა, რის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა;
5.18.2. კავშირის ფილიალში (ადგილობრივ ორგანიზაციაში) ერთიანდებიან როგორც საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის წევრები, ასევე რეგიონში მოღვაწე მუსიკოს-შემსრულებლები; კავშირის ფილიალის ხელმძღვანელი უნდა იყოს კავშირის წევრი, რომელსაც ამტკიცებს გამგეობა;
5.18.3. ფილიალები (ადგილობრივი ორგანიზაციები) თავიანთ საქმიანობას წარმართავენ კავშირის გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად;
5.18.4. ფილიალები (ადგილობრივი ორგანიზაციები) თავისი საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენენ კავშირის საინფორმაციო ბიულეტენის საშუალებით.

6. კავშირის ქონება და სახსრები

6.1. კავშირმა საკუთრებაში შეიძლება იქონიოს ის უძრავ-მოძრავი ქონება, რაც საჭიროა წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფისათვის.
6.2. კავშირს შეუძლია შეიძინოს, გაასხვისოს ან იჯარით აიღოს-გასცეს ქონება და გამოიყენოს ის საწესდებო მიზნების განსახორციელებლად.
6.3. კავშირის სახსრებს ქმნიან:
6.3.1. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები;
6.3.2. საწევრო გადასახადები;
6.3.3. საქართველოს და უცხოეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შემოწირულობანი;
6.3.4. კავშირის ძირითადი და მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები;
6.3.5. შემოწირულობებისა და ფინანსური დახმარებების სახით მიღებული სახსრები, რომლებიც უნდა მოხმარდეს მხოლოდ კავშირის მიზნებს;
6.3.6. ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;
6.3.7. საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
6.3.8. კავშირის მიერ დაფუძნებული საწარმოებიდან მიღებული შემოსავლები;
6.3.9. საიჯარო შემოსავლები;
6.3.10. საბანკო კრედიტები;
6.3.11. სხვა წყაროები, რომლებიც არაა აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.
6.4. კავშირის ქონება და სახსრები ერთიან საკუთრებას წარმოადგენენ, ემსახურებიან საწესდებო მიზნების განხორციელებას და არ განაწილდებიან კავშირის წევრებს შორის.
6.5. კავშირის ცალკეული პროგრამა შეიძლება დაფინანსებულ იქნეს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. ამ მიზნით გამოყოფილი თანხა არ შეიძლება დაიხარჯოს სხვა დანიშნულებით.

7. წესდებაში ცვლილებების შეტანა

7.1. წესდებაში შეიძლება ცვლილებების შეტანა ყრილობაზე დამსწრე გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე წევრთა 2/3-ს გადაწყვეტილებით. კავშირის წევრებმა წინასწარ, უნდა მიიღონ წესდებაში მოსალოდნელ ცვლილებათა პროექტი.
7.2. ცვლილებები, რომლებიც საჭიროებენ რეგისტრაციას, დაუყონებლივ უნდა ეცნობოს მარეგისტრირებელ ორგანოს.
7.3. წესდება და მასში ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის რეგისტრაციის დღიდან.

8. კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

8.1. კავშირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
8.2. კავშირის ლიკვიდაცია ხდება ყრილობის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა.
8.3. ლიკვიდაცია დამთავრებულად, ხოლო კავშირის საქმიანობა შეწყვეტილად ითვლება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კავშირის რეესტრიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
8.4. ლიკვიდაციის შემთხვევაში კავშირის ქონება ნაწილდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს კომპოზიტორთა
შემოქმედებითი კავშირის
2017 წლის 23 აპრილს გამართული
რიგგარეშე ყრილობის თავმჯდომარე
მარინა ქავთარაძე

 


2024 ნოებმერი
  • ორშ
  • შამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
> <
Designed by SPAR.GE | ©2024 All rights resaved